Kidsrave Magazine – ელექტრონული მუსიკის ჟურნალი

Zomby – ‘Dedication’

‘92-ში 5 წლის ვიყავი და შესაბამისად ‘ლიონ კინგით’, ‘ტურტლესებით’ და სხვა მულტფილმებით უფრო დაინტერესებული ვიყავი ვიდრე „რეივ“ სცენით, 2008 წელს გამოსულმა ზომბის სადებიუტო ალბომ ‘where were you in 92?’-მა (სად იყავი 92-ში?) პირველივე მოსმენით შემაგრძნობინა თუ რა მუხტი და ემოცია ტრიალებდა 90-იანების დასაწყისში, ყველაფერთან ერთად აუხდენელი ოცნებაც გამიჩინა და მისი მოსმენისას სულ ვფიქრობ, რა იქნებოდა ასეთ ‘რეივ ფართიზე’ სულ რაღაც ნახევარი საათით რომ მომახვედრა თქო…

მოკლედ, 2008 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, აღარაფერს ვამბობ ’92-ზე და წელს ზომბის რიგით მეორე ალბომი გამოიცა ბრიტანულ საკულტო ლეიბ „4AD”-ზე. ალბომის სახელწოდებაა „Dedication“ (მიძღვნა) და იგი ეძღვნება მამამისის ხსოვნას, რომელმაც როგორც ზომბი ამბობს, ყველაზე დიდი როლი ითამაშა მის მუსიკალურ განვითარებაში. თურმე ისინი ერთად უსმენდნენ პირატულ რადიოებს და როდესაც ზომბი 13 წლის გახდა მამამ აჩუქა ფირსაკრავები, რამაც საშუალება მიცა საკუთარ საძინებელში ესწავლა მიქსვა. ზომბის დიჯეი სეტები ტექნიკურად არ გახლავთ იდეალური, მაგრამ მას თრექების არჩევანი (selection) იმდენად მრავალფეროვანი აქვს, რომ ტექნიკურ მხარეს ყურადღებას აბსოლიტურად აღარ აქცევ. უაღრესად ქარიზმატული პიროვნებაა, შეუძლია შუა პერფორმანსის დროს აუღელვებლად დაკეტოს ლეპტოპი და წავიდეს, ან საერთოდ არ გამოცხადდეს ივენთზე, რაც მას რამოდენიმეჯერ გაუკეთებია…

კარგი, თავი დავანებოთ მისი, როგორც პიროვნების შეფასებას და „Dedication“–ზე გადავიდეთ. „Dedication“ გახლავთ უაღრესად პერსონალური/პირადი ალბომი და სულ რაღაც 34 წუთს გრძელდება. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც გამახსენდა თუ რა ლეიბლზე გამოიცა იგი, როგორც წესი ისეთი მონსტრი ლეიბლები, როგორიც „4AD“ გახლავთ მაქსიმალურად თავს იკავებენ ასეთი ტიპის ალბომების გამოცემით, მაგრამ ზომბის ავტორიტეტი დიდი ხანია რაც კუნძულს გასცდა და ალბათ „4AD“–მაც სრული თავისუფლება მიანიჭა მას. ალბომიდან პირველი თრექი რომელიც გახმაურდა გახლდათ „Natalia’s Song“, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა რადგან ზომბიმ ამ თრექისთვის გამოიყენა ირინა დუბცოვას ვოკალსემპლი, რამაც რუსი არტისტის გაღიზიანება გამოიწვია და სასამართლოში ჩივილითაც კი დაემუქრა, ამ ამბავს როგორც ჩანს გაგრძელება არ ჰქონია, ალბათ ვინმე ჭკვიანმა ადამიანმა დაარიგა ქალბატონი დუბცოვა და მიახვედრა, რომ აზრი არ ქონდა ჩივილსა და გოდებას. „Dedication“–ში ასევე შევხვდებით ზომბისა და Panda Bear–ის (Animal Collective) ერთობლივ ნამუშევარს „Things Fall Apart“. ტიპიური ზომბის ბიტი, მხიარული სინთეზატორი და გადატვირთული ბეისლაინი თითქოს იხუტებს პანდა ბეარის ვოკალს და ერთი განუყოფელი ნაწილი ხდება.

„Dedication“ -ში შესული კომპოზიციების საშუალო ხანგრძლივობა 2 წუთს არ აღემატება. თავად ზომბი ამ ფაქტს ასე ხსნის „They don’t need to be short or long, to be honest. They’re just glimpses of work. The music is just one take.”

მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო „Lucifer“-ზე, რომელიც მხოლოდ 56 წამიანია და უამრავ 10 წუთიან თრექს მირჩევნია! ამ ემოციის ახსნა, რასაც ეს 56 წამიანი კომპოზიცია აფრქვევს შეუძლებელია თავად უნდა მოუსმინო და იგრძნო!

და ბოლოს, ალბომის ფავორიტი „A Devil Lay Here“! აი ზუსტად ამიტომ მიყვარს ზომბი, ყველასგან განსხვავებული, ემოციებით სავსე. თრექის მოსმენისას თავი გგონია დენდის ვიდეო თამაშის მთავარი გმირი, რომელიც დასკვნით, ავბედით, ბნელ ტურშია მისული და ‘Boss’-ის გამოჩენას ელოდება. 8-ბიტ საუნდი, ჯაზური წარმოშობის საყვირი და სულის შემხუთველი მინიმალისტური კლავიში ძალას გმატებს და ბოლო ტურის წარმატებით გავლის შანსიც ერთიორად გეზრდება. ‘ბოსის’ მოკვლის შემდეგ კი ისღა დაგრჩენია ზიზღით დახედო მას და თქვა: A Devil Lay Here!

 

ალბომში შესული კომპოზიციების სრული ჩამონათვალი:

1. Witch Hunt
2. Natalia’s Song
3. Alothea
4. Black Orchid
5. Riding With Death
6. Vortex
7. Things Fall Apart
8. Salamander
9. Lucifer
10. Digital Rain
11. Vanquish
12. A Devil Lay Here
13. Florence
14. Haunted
15. Basquiat
16. Mozaik

 

‘Dedication’ შეიძინეთაქ!

 

http://www.4ad.com/

Photo Gallery

Designed by Kidsrave©LLP