Around the world for 17 years
Around the world for 17 years
7 დეკემბერს Daft Punk-ი გამოუშვებს ფილმ TRON Legacy-ს საუნდტრექს (არ არსებობს შესატყვისი ქართული სიტყვა და ჰა…). ამ ფაქტთან დაკავშირებით Kidsrave.com გაგაცნობთ ამ ყველასათვის საყვარელი ჯგუფის ბიოგრაფიის საინტერესო დეტალებს. ზოგი რამ ვალდებული ხართ რომ უკვე იცოდეთ, ზოგს კი პირვლეად აქ გაეცნობით…მოკლედ, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ Daft Punk-ის ისტორია.
(ნაწილი 1)
რადგანაც გიორგი ბერიძეს საქმე არ აქვს, მან იმდენი წერა, რომ მის ნამოქმედარს 3 ნაწილად შემოგთავაზებთ. აი პირველი ნაწილიც:
1992 წელს, ბავშვობის მეგობრები, ტომას ბანგალტერი და გი-მანუელ დე ომემ-კრისტო ლორან ბრანკოვიცს მუსიკალურ მაღაზიაში შეხვდნენ. გი-მანს რეკლამა ჰქონდა განთავსებული გაზეთში, ახალი ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. ლორენი იმდროინდელ გი-მანუელს ახასიათებს როგორც ‘სოციოპათს’ და ‘გაგიჟებულ იესოს’ ადარებს. მისი თქმით, ტომასიც გიჟს გავდა, ოღონდ მას ამ სიგიჟის მისი საქმისთვის გამოყენება შეეძლო. მათ შექმნეს ჯგუფი Darlin’ (Beach Boys-ის ამავე სახელწოდების სიმღერის მიხედვით). ამ ჯგუფში ტომასი უკრავდა ბასზე, გი-მანი – ელექტრო გიტარაზე და ლორენი დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მათ გამოუშვეს 2 სიმღერა ლეიბლზე Duophonic.
ჟურნალმა Melody Maker ეს რელიზი შეაფასა როგორც ‘უაზრო პანკის გროვა’ (‘a bunch of daft punk’). და აი, 1993 წელს ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფი სახელად Daft Punk, ამჯერად ლორენის გარეშე, რომელმაც შემდგომში ჯგუფ Phoenix-თან ერთად მიაღწია წარმატებას.
Daft Punk-ის პირველი სინგლი შოტლანდიურ Soma Records-ზე გამოვიდა. არა-ფრანგულ ლეიბლთან თანამშრომლობა ჯგუფის წევრებმა პიტ ტონგთან ინტერვიუში შემდეგნაირად ახსნეს: მათ არ უნდოდათ ყოფილიყვნენ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ელჩები მუსიკაში; მათ უბრალოდ სურდათ მუსიკის კეთება. ამასთან ერთად, იმდროინდელი საფრანგეთი ნაკლებად ტოლერანტული იყო ელექტრონული მუსიკის და მთლიანად რეივ კულტურის მიმართ ვიდრე ბრიტანეთი. ჯგუფის პირველი სინგლი იყო The New Wave. მეორე სინგლი Da Funk, რომელიც 1995 წელს გამოვიდა უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა ელექტრონული მუსიკის მოყვარულთა წრეებში. ეს ტრეკი დღემდე შეგიძლიათ მოისმინოთ მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებში. სინგლის ბი-საიდი კი პირადად ჩემი საყვარელი Rollin’ Scratchin’ იყო (Boss MT-2 Metal Zone პედალი და Juno 106, მმმმმ….). ამ პერიოდში ბენდმა Virgin-თან გააფორმა კონტრაქტი. ტომასი ამ ხელშეკრულებას როგორც ‘თანამშრომლობას’ ისე აღწერს, რადგანაც ჯგუფმა საკუთარ ნამუშევრებზე თითქმის სრული კონტროლის შენარჩუნება შეძლეს, რაც იმდროინდელი და მითუმეტეს დღევანდელი მუსიკალური ინდუსტრიისთვის წარმოუდგენელია.

(26.05.1996, ვისკონსინი აშშ; ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – Even Furthur)
შემდეგი რელიზი იყო Burnin’ და Around the World. ყველას გახსოვთ Around the World-ის ვიდეო, რომელიც მიშელ გონდრიმ გადაიღო. მისი თქმით, ერთადერთი სურვილი რაც
Daft Punk-ს გააჩნდა, ვიდეოში მოცეკვავეების ყოფნა იყო. და აი,

(Around The World-ის ვიდეოს გადასაღები მოედანი)
მანაც შექმნა 90-იანი წლების ყველაზე ცნობად ვიდეო მოცეკვავეებით, სადაც ათლეტები ანსახიერებდნენ ბასს, მუმიები – დასარტყამ ინსტრუმენტებს, ჩონჩხები – გიტარას, გოგოები – სინთეზატორს და რობოტები – ვოკოდერს.
1997 წლის 20 იანვარს გამოვიდა Daft Punk-ის პირველი ალბომი სახელწოდებით Homework. დღესდღეისობით ეს ალბომი მოიაზრება როგორც ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ნამუშევარი.
შემდეგი წელი არანაკლებ პროდუქტიული აღმოჩნდა. ტომას ბანგალტერმა ალან ბრაქსესა და ბენჯამინ დიამონდთან ერთად კიდევ ერთი ჰაუს-ჰიტი Music Sounds Better With You შექმნა. ჯგუფ Stardust-მა ეს ტრეკი ბანგალტერის 1995 წელს შექმნილ ლეიბლ Roule-ზე გამოუშვა. ლეიბლი ძირითადად ბანგალტერის სოლო ნამუშევრებს და მის მეგობრების, Roy Davies Jr-ის., Alan Braxe-ს, Romanthony-ის და Dj Falcon-ის ტრეკებს უშვებდა. 2001 წელს ბანგალტერმა და Dj Falcon-მა (რომელიც Alan Braxe-ს ბიძაშვილია) ჯგუფ Together-ის სახელწოდებით გამოუშვა 2 ტრეკი Together და So Much Love to Give (არასოდეს მოუსმინოთ Freeloaders – So Much Love To Gove-ს (2005) და Eric Prydz – Call On Me-ს(2004)). ამავე ლეიბლზე გამოვიდა ბანგალტერის მიერ შექმნილი ფილმ Irreversible-ს საუნდტრეკი.
მაგრამ ტომასი არ იყო ერთადერთი ვინც ამდენს მხიარულობდა. გი-მანუელმაც 1997 წელს დაარსა თავისი ლეიბლი Crydamoure. ლეიბლი გამოსცემდა არტისტებს: Le Knight Club (გი-მანუელი+Eric Chedeville), Buffalo Bunch, Raw Man, Play Paul (გი-მანუელის ძმა და Buffalo Bunch-ის წევრი), Sedat, Archigram და სხვებს. ლეიბლმა ასევე გამოსცა 2 გამიქსული ნაკრები: Crydamoure presents Waves I და II. ზოგადად, Crydamoure-ს რელიზები უფრო მელოდიური და თბილია (მაგ: Coral Twist, Rhumba ან ნებისმიერი სხვა ტრეკი :D) ვიდრე Roule-ზე გამოსული მატერიალი, რომელიც უფრო მძაფრი და მძიმე ჟღერადობისაა (Outrun, Extra Dry, Turbo…). ალბათ, ესევე ნაზავი ხდის Daft Punk-ს უნიკალურს და მიმზიდველს მსმენელისთვის.
ნაწილი 2
ტომასის და გი-მანუელის სოლო კარიერის მიმოხილვის შემდეგ დავუბრუნდეთ კვლავ Daft Punk-ს. 1999 წელს ჯგუფმა ე.წ. კასეტა (ეხლა რომ DVD გახდა) გამოუშვა სახელწოდებით D.A.F.T.: A Story About Dogs, Androids, Firemen and Tomatoes. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომების ვიდეოების ასევე ამ ვიდეოების გადაღების კულუარული მასალების კრებული. რელიზში ასევე შევიდა Rollin’ Scratchin’-ის ლაივ ვიდეო რომლიც გადაღებული იყო 1997 წელს ლოს ანჯელესში (ყოველთვის მომწონდა ამ ტრეკის ლაივ ვერსია ვოკალ სემპლებით EPMD – Never Seen Before-დან).

ჯგუფმა 2 წლიანი შესვენების შემდეგ მე-2 ალბომი გამოუშვა. თუმცა როგორც წინა ნაწილში წაიკითხავდით, დასვენებისთვის არავის ეცალა. ახალი ალბომი მდიდარი იყო დისკოს ელემენტებით, რაც მის სახელშიც აისახა. ალბომში Discovery გამოჩნდა, რომ ჯგუფის მიერ კომპიუტერული ტექნოლოგიის უფრო აქტიურად გამოყენება დაიწყო. ალბათ, ამის ბრალი ის ‘უბერუდი შემთხვევა’ გახდა, რომლის შედეგადაც სტუდიაში მომუშავე ტომასი და გი-მანი რობოტებად გადაიქცნენ. ასევე სემპლების რაოდენობაც მომრავლდა. ჯგუფის წევრებმა თავიანთი საყვარელი 70-იანი და 80-იანი წლების სიმღერების გამოყენება და 90-იანების ჰაუს პროდიუსერების თანამშრომლობა მოახერხა. 2001 წლის 13 მარტს გამოსულ ამ ალბომში მოწვეულ სტუმრებად მონაწილეობას იღებდნენ Romanthony, Todd Edwards და Dj Sneak (ყველა ეს დჯ-პროდიუსერი ნახსენებია Homework-ის ტრეკში -Teachers). Discovery-ს ყველა ტრეკმა არნახული წარმატება მოიპოვა. One More Time რადიო ფორტუნაზეც მაქვს მოსმენილი; Harder Better Faster Stronger მგონი ყველამ გამიქსა, გადააკეთა და თითებით ცეკვისთვის გმაოიყენა; Something About Us-ის ფონზე სიყვარულის ახსნების რაოდენობამ ალბათ აქამდე არსებული ბარი ვაითის რეკორდი მოხსნა.

ჯგუფი - The Crescendolls; სცენა ფილმიდან Interstella 5555
ყველას ასევე გვახსოვს ის ვიდეოები რომლებიც ამ ტრეკებისთვის შეიქმნა. ყოველი ახალი სინგლის გამოსვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტ დეტალს ვგებულობდით კოსმიური სინთპოპ (ხო ზუკა, ხო…) ჯგუფ The Crescendolls-ის ამბებს. ამ ისტორიებმა საბოლოო სახე მიიღეს ანიმაციურ ფილმ Interstella 5555: The 5tory of the 5ecret 5tar 5ystem. ტომასი და გი-მანი ბავშვობაში მითიური პერსონაჟის Captain Harlock-ის დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ, რომელიც ცნობილი იაპონელი მანგა არტისტის, Leiji Matsumoto-ს ქმნილება იყო. Daft Punk-მა მას ფილმის შექმნის ზედამხედველობა სთხოვეს, რაზეც ლეიჯი დათანხმდა. მხატვრულ ჯგუფს ასევე Shinji Shimizu და Kazuhisa Takenouchi შეუერთდნენ. Interstella 5555 2003 წელს გამოიცა Discovery-ის ტრეკების რემიქსების კრებულ Daft Club თან ერთად.
დაახლოებით ამავე დროს გამოიცა კიდევ ერთი ალბომი. ამჯერად ეს ლაივ ჩანაწერი იყო, რომელიც 1997 წელს ბირმინგემის Que Club-ში იქნა ჩაწერილი. რადგანაც ტომასი და გი-მანუელი გლემ-როკ ჯგუფ KISS-ის თაყვანისმცემლებიც იყვნენ, მათ თავიანთ ლაივ ალბომსაც KISS-ის მსგავსად Alive დაარქვეს.
2003 წელს ბანგალტერი Dj Falcon-თან ერთად, მცირე ხნით ჯგუფ Cassius-ის ტურს შეუერთდა. ისინი 3-საათიანი სეტებისას, უბრალო მიქსერების გარდა ლაივ აპარატურასაც იყენებდნენ. ბანგალტერმა თავადაც (პირველად და უკანასკნელად) დაუკრა ევროპის რამოდენიმე კლუბში.
აი დადგა 7 დეკემბერი. დღეს გამოვიდა Daft Punk-ის მიერ შექმნილი TRON: Legacy-ს საუნდტრექი …და დღესვე შემოგთავაზებთ ჯგუფის ისტორიის ბოლო ნაწილს. ასე რომ, ვაგრძელებთ:
ნაწილი 3
ჯგუფის მე-3 სტუდიური ალბომი გახლდათ Human After All. იგი 2 კვირაში ჩაიწერა, მომზადდა დამატებით 4 კვირაში და გამოიცა 2005 წელს, ასევე მარტში. ჯგუფის მიერ ალბომის ჩაწერაში დახარჯული დრო შეუდარებელი იყო Discovery-ზე და Homework-ზე 3 წლიან მუშაობასთან. ამის გამო, Daft Punk-მა მუსიკის მოყვარულთა და მრავალ ექსპერტთა საყვედური დაიმსახურა. ჯგუფმა ამის ახსნა შეეცადა და განმარტა, რომ როგორც ყველა სხვა ალბომი, მათი ბოლო ალბომიც ერთგვარი ემოციური მოვლენა იყო. მათ სურდათ Discovery-სგან რადიკალურად განსხვავებული ნამუშევრის შექმნა და ამის განხორციელება 2 გიტარითა და 1 ‘drum machine’-ს გამოყენებით.

2006 წელს Daft Punk-მა თავად გადაიღო და გამოუშვა ფილმი სახელად Electroma. მე 3-ჯერ ვეცადე ეს ფილმი მენახა და მხოლოდ ბოლო ჯერზე (უფლის ნებით) მოვახერხე ეს. პირველ 2 ცდაზე უბრალოდ ჩამეძინა. ამ ფილმის საუკეთესო დეტალებია:
ა) მისი საუნდეტრეკი, რომელშიც შევიდა ცნობილი კომპოზიტორების და მუსიკოსების, როგორებიც არიან Frederic Chopin, Brian Eno, Sebastian Tellier, Curtis Mayfield , ნაწარმოებები.
ბ) აი, ყველას რომ Daft Punk-ის ჩაფხუტები (Fუ : D) ეხურა, ის მომენტი.

Electroma -ს გადასაღები მოედანი
მეც და ბევრ სხვას ეგონა, რომ Daft Punk-მა საკუთარი თავი ამოწურა და ეს ყველაფერი მოსაწყენი გახდა. თუმცა 2006 წელს დაწყებულმა მსოფლიო ტურმა (ჯგუფი ტურზე არ ყოფილა 1998 წლიდან) ეს პესიმიზმი აღფრთოვანებით შეცვალა. ყველას მოეწონა ლაივ შოუ: პირამიდა, განათება, ტყავის კურტკები ჯგუფის სახელით, პირამიდის ნიშანი ხელით (რომელიც მცირე ხნით Jay-Z-მ მოიპარა, სანამ ჰიპსტერებმა ის უკან არ დაიბრუნეს). ამ ტურმა ახალ ფრანგულ ელექტრონულ მუსიკის ტალღას ჩაუყარა საფუძველი. SebastiAn-და Kavinsky Daft Punk-ის ყოველ შოუს ხსნიდნენ და after party-ებზეც უკრავდნენ. მალევე გაიგო ყველამ Justice-ს შესახებ. ამ დიდ წარმატებაზე დააფუძნა Pedro Winter-მა, იგივე Busy P-მ (რომელიც 1996-2008 წლებში Daft Punk-ის მენეჯერი იყო) ლეიბლი Ed Banger.
2007 წელს ჯგუფმა მე-2 ლაივ ალბომი Alive 2007 გამოუშვა, რომელიც სან ფრანცისკოში ჩაიწერა. ამ ალბომმა 2 გრემის მოგება მოახერხა. ჯგუფი გრემის დაჯილდოებაზეც კი გამოჩნდა სადაც Kanye West-თან ერთად, Stronger-ის შესრულებისას. თუმცა ჯგუფის სახელი მაყურებლებს ოფიციალურად არ წარედგინათ.

7 დეკემბერს (ანუ დღეს) ჯგუფმა გამოუშვა TRON: Legacy-ს საუნდტრეკი. ფილმის დირექტორს Joseph Kosinski-ს დიდი ხნის წინ გაუჩნდა იდეა, რომ ამ ფილმის მუსიკის დაწერა ჯგუფისთვის ეთხოვა. თუმცა, მისივე თქმით მათი დათანხმება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. კოსინსკი იხსენებს, რომ ტომასი და გი-მანუელი მას ჰოლივუდის ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ და დეტალურად გამოკითხეს ფილმის სცენარი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ ახალი ფილმი პირველი TRON-ის ღირსეული გაგრძელება იქნებოდა, Daft Punk-ი დათანხმდა ფილმისთვის მუსიკის შექმნას. ამის შემდეგ ბევრი ტრეკი გამოჩნდა და იმწამსვე ათასობით მსმენელი გამოუჩნდა იუტუბზე, თუმცა არც ერთი მათგანი Daft Punk-ის დაწერილი არ იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, თუ როგორ მოენატრა მსმენელს ფრანგული ჯგუფი და მისი შემოქმედება. ასე რომ, ველი მათ ტურს გერმანიაში, სანამ ჩემს ვიზას ჯერ ვადა არ გასვლია!
ოფიციალური ბმულები:
http://www.daftalive.com/tronlegacy/
საინტერესო ბმულები:
http://www.youtube.com/watch?v=-Gxdw5o4mqM
http://www.youtube.com/watch?v=gZ7rMzORPgg
http://www.youtube.com/watch?v=_6Afc2uzw4g

















